სფეისი

მომხმარებელი, როგორც ბრენდის თანაშემქმნელი

მოგესალმებით სფეისიდან, მე ვარ ნუკა, სფეისის brand experience lead, რაც ვითომ გასაგებ ენაზე ასე ითარგმნება: ბრენდის, მარკეტინგის და მომხმარებელზე ზრუნვის გუნდების ლიდერი. ამ ბლოგში მოკლედ მოგიყვები, რას ნიშნავს ბრენდის გამოცდილება და რატომ არის ის მარკეტინგის აწმყო (მინდოდა მომავალი დამეწერა, მაგრამ ტყუილი გამომივიდოდა).

რა შეიცვალა?

გახსოვს ის დრო, რეკლამას ტელევიზორში რომ უყურებდი? თან ვერც ახვევდი. რეკლამა თუ ივარგებდა – იყიდდი პროდუქტს, თუ პროდუქტი ვერა – შენს 1-2 მეგობარს ეტყოდი, რომ მათ მაინც არ გადაეყარათ ფული უაზროდ. დრო შეიცვალა და ახლა, ნახევარსაათიანი დაგვიანების გამო გაციებული ლაფშათი გამოწვეული შენი სასოწარკვეთის ამბავს ათასობით ადამიანი მომენტალურად იგებს.

 

ტექნოლოგიურმა განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა, ძალაუფლება შენს ხელში გადმოიტანა. როგორც კი ბრენდსა და მომხმარებელს შორის ორმხრივი კომუნიკაციის საშუალება გაჩნდა, რეალობა შეიცვალა და ბრენდის ნათქვამ დაპირებაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ დაპირების, ბრენდთან ნებისმიერ ინტერაქციაში შესრულება გახდა.

მეგობრობის თხოვნა სფეისისგან

ბრენდთან ონლაინ თუ ოფლაინ არხებში ურთიერთობის გამოცდილებას შენ იმახსოვრებ და ამაზე დაყრდნობით იყალიბებ წარმოდგენებს, ემოციებს, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს, გექნება თუ არა გრძელვადიანი ურთიერთობა მასთან. მარკეტერები მივხვდით, რომ ბრენდის შენებაში მთავარ როლს უკვე მომხმარებლის გამოცდილება, ე.წ. customer experience ასრულებს. სფეისშიც გავაერთიანეთ მომხმარებელზე ზრუნვის და ბრენდის გუნდები ერთი ქუდის – brand experience-ის ქვეშ.

 

მისიის მენეჯერის ღამის სამ საათზე მხიარული პასუხით, ელექტრო-სკუტერით პილოტის უხმო ჩაქროლებით, ნაგროვები უკუკავშირებით შეცვლილი აპლიკაციის ინტერფეისით, მუდმივი კომუნიკაციით და სხვა შეხების წერტილებით ვცდილობთ, ისეთი ემოციები აღვძრათ შენში, რომ სფეისთან მეგობრობა მოგინდეს. და თუ გგონია, რომ პარასკევს საღამოს მოულოდნელი შეფერხების გამო გათიშული აპლიკაცია, მხოლოდ შენს ნერვებზე მოქმედებს, წარმოიდგინე ჩვენი გუნდის წევრების სახეები ამ დროს, როცა რუდუნებით ნაშენებ შენს ლოიალობას საფრთხე ემუქრება.

რას აკეთებს ბრენდის გამოცდილების გუნდი?

1. ის ორგანიზაციაში ბრენდის არსის მცველია, იდეის გამავრცელებელი და მთავარი ამბების მთხრობელი კომპანიის შიგნით და მის გარეთ.

2. უზრუნველყოფს ბრენდის დაპირების ყველა შეხების წერტილში შესრულებას.

3. აწყობს სისტემას, რომლის საშუალებითაც მომხმარებლის უკუკავშირის მიღება, დამუშავება და გათვალისწინება ხდება.

 

ეს არის ციკლი, რომლის მთავარი მონაწილე თავად მომხმარებელია. ჩვენ ვუსმენთ მომხმარებელს, მისი უკუკავშირის შედეგად, ვქმნით პროდუქტებს, მომსახურებას, კომუნიკაციას და ისევ ვუსმენთ. ეს უწყვეტი პროცესია, რომელშიც შენ ხარ ბრენდის თანაშემქმნელი. სხვადასხვა არხიდან შემოსულ ყველა კომენტარს, თხოვნას, მოთხოვნას, ჩვენ ვაგროვებთ, ვახარისხებთ, ვაანალიზებთ და ვცდილობთ, მხოლოდ ამის მიხედვით გადავდგათ ნაბიჯები.

 

შედეგად, ბრენდინგი უკვე დიდი ხანია, აღარ არის მხოლოდ მარკეტინგული კომუნიკაციის საკითხი, ან მხოლოდ ერთ გუნდში ჩაკეტილი ამოცანა, ის მოიცავს ორგანიზაციის ფაქტიურად ყველა რგოლს, მთლიანად მომხმარებლის გამოცდილებას და არა უბრალოდ ბოლოს გაშვებულ სარეკლამო კამპანიას. ის სამყარო, სადაც მხოლოდ რეკლამა ქმნიდა ბრენდის სახეს, აღარ არსებობს, რეკლამა მხოლოდ ერთ-ერთ და შემცირებული ძალის მქონე ინსტრუმენტად დარჩა. ჩვენც მოგვწონს ეს რეალობა, სადაც მომხმარებელსა და ბრენდს შორის ზღვარი წაშლილია, სადაც ურთიერთობები ბევრად გულწრფელი და ბუნებრივია და ჩვენც მეტი შესაძლებლობა გვეძლევა, შევქმნათ რეალური ღირებულება და სარგებელი მოგიტანოთ შენ, ისე, როგორც შენ გვიკარნახებ.

და ბოლოს, რამდენიმე რჩევა ჩვენი გუნდისგან მათ, ვინც, ახლა აყალიბებს ამ მიმართულებას ორგანიზაციაში:

1. ამ გუნდის წევრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვისებაა ემპათია. ამიტომ კადრების შერჩევისას ყურადღება მიაქციათ ამას, რა თქმა უნდა პროფესიონალიზმთან ერთად.

2. არასდროს უღალატოთ იმ ძირითად პრინციპებს და ღირებულებებს, რომელიც თქვენს ბრენდს აქვს. სულ ერთია, რამდენი შემოსავალი შეიძლება მოიტანოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებამ კომპანიისთვის და ვისთან გიწევთ კამათი თქვენი პოზიციის დასაცავად, არასდროს დათმოთ ბრენდის ინტერესები, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში, ყოველთვის სწორია ამ პოზიციის დაცვა.

3. სულ, სულ, სულ უსმინეთ მომხმარებლებს და ესაუბრეთ მათ. თანამედროვე ტექნოლოგიების ერთერთი მიღწევა ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის, ამ ინტერაქციის შესაძლებლობაა, ამიტომ უარყოფითი შეფასების შიშით არასდროს თქვათ უარი ამ კომუნიკაციაზე.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.