სფეისი

პროგრამული ხარვეზების აღმოჩენის გზა სფეისში

მოგესალმებით სფეისიდან, მე ვარ ანა ძებნიაური, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. სფეისის გუნდს არც ისე დიდი ხანია რაც შემოვუერთდი, თუმცა სფეისური ოდისეის (ჩვენი შიდა კულტურის წიგნის) დამსახურებით, საკმაოდ მალე შევისწავლე კოსმონავტიკა და სფეისელის როლიც მოვირგე. დღეს უკვე ამ ბლოგით მინდა გაგაცნო, თუ რას ნიშნავს ხარისხის უზრუნველყოფა, ვინ არიან ტესტერები და  რამდენიმე რჩევა გაგიზიარო ჩემი გამოცდილებიდან. 

 

ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ და კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე ისტორიას თვალი გადავავლოთ, დავინახავთ, რომ ადამიანი მუდამ ზრუნავს სხვადასხვა ნივთის თუ საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს იქნება სოფლის მეურნეობა, მედიცინა თუ ტექნოლოგიური აღმოჩენები. ამ უკანასკნელს რომ ჩავუღრმავდეთ, მსოფლიოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო პირველი მცდელობები კომპიუტერის შესაქმნელად და მას შემდეგ, ხდებოდა ყოველი ახალი მოდელის კიდევ უფრო დახვეწა და განვითარება. 

 

პირველი პროგრამირებადი კომპიუტერი, ე.წ “ENIAC“ 1945 წლის მიწურულს გამოიგონეს და უკვე მის შემდგომ, შექმნილ მოდელებში დაფიქსირდა პირველი პროგრამული ხარვეზი, რომლის ხარისხის გამოსწორებაზეც დაიწყეს მუშაობა 1947 წლის 9 სექტემბერს (ეს დღე ტესტერების საერთაშორისო დღედ არის აღიარებული).

სფეისის პროდუქტის ჩამოყალიბებისთანავე დაიწყო ტესტერების გუნდის შეკრებაც. თავდაპირველად მხოლოდ 4 ტესტერისგან შემდგარი გუნდი კომპანიის გაფართოებასთან ერთად გაიზარდა და დღეს უკვე  საკმაოდ დიდი რესურსით მუშაობს ხარისხის უზრუნველყოფაზე, როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთის ბაზარზე.

რა არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ვინ არიან QA მენეჯერები?

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება – ეს არის საშუალება შეფასდეს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი და შემცირდეს სამუშაო პროცესში დეფექტების გამოვლენის რისკები. ამ პროცესზე პასუხისმგებელი პირი კი სწორედ ტესტერია. 

 

QA აერთიანებს ყველა იმ მეთოდს, რომელიც საჭიროა ხარისხის შეფასებისთვის ტესტირებამდე და ტესტირების შემდეგ.  ერთ-ერთი წინაპირობა არის ტესტ ქეისების შედგენა, რაც გულისხმობს ტესტის ყველა წინაპირობის, input-ების, ქმედებებისა და მოსალოდნელი შედეგების ერთობლიობას, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ვთვლით, რომ კონკრეტული პროცესი შეესაბამება ხარისხს. 

 

როგორი ციფრული პროდუქტიც არ უნდა გქონდეს, დეველოპერს თუ ერთი მცირე დეტალის შესწორება მაინც სჭირდება ე.ი აუცილებელია ტესტირებაც. მინდა გაგიზიარო რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარება წარმატებულ ტესტირებაში:

 

1. კომუნიკაცია

 

ტესტირების პროცესის დაწყებამდე სწორი კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ტესტერი გარკვეულწილად შუამავალი რგოლია ბიზნეს ანალიტიკოსსა და დეველოპერს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ის ნახულობს, რამდენად შეესაბამება დეველოპერის დაწერილი კოდი ბიზნეს ანალიტიკოსის დაწერილ დავალებას. 

 

იმისათვის, რომ პროდუქტი მაქსიმალურად კარგად გაიტესტოს, აუცილებელია ტესტერს ჰქონდეს დოკუმენტაცია, ანალიტიკური გეგმა და ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც გამოადგება შემდეგში რისკების გათვალისწინებაში.

 

კომუნიკაციის ხელის შემწყობ ფაქტორად დავასახელებდი სფეისის ეჯაილ სტრუქტურას, სადაც ბევრი რთული პროცესი საკმაოდ გამარტივებულია და QA მენეჯერიც ყველა პროცესშია ჩართული.

2. დეტალებზე ორიენტირებულობა

 

ყველა სხვა მნიშვნელოვანი უნარიდან, რომელიც ტესტერს უნდა გააჩნდეს, გამოვყოფდი დეტალებზე ორიენტირებულობას. ნებისმიერი დეტალი, თუ მცირე ცვლილება შეიძლება დიდი რისკის შემცველი იყოს, ამიტომ ე.წ „ტესტერის თვალის“ გამომუშავება მუშაობის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. 

 

ხარვეზი გვხვდება ფონტის ზომითა თუ ფერით დაწყებული, მთლიან ბიზნეს ლოგიკაში დაშვებული შეცდომით დამთავრებული, ნებისმიერ წვრილმანში. ფონტის ხარვეზი შეიძლება ნაკლებად საგანგაშოდ მივიჩნიოთ, მაგრამ სესხის გრაფიკის არევა უკვე ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია, რამაც შეიძლება საკმაოდ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. სწორედ ამიტომ ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თარიღს, თანხას თუ სხვა საჭირო ინფორმაციას. ხშირად წარმატებული პროდუქტის უკან სწორედ დაკვირვებული ტესტერი დგას.

3. კითხვები, კითხვები, კითხვები

შეცდომები მოსულა! შეიძლება პროდუქტს რაიმე ხარვეზი ჰქონდა, თუმცა ვერ მოხდა მისი ტესტირების პროცესში დაფიქსირება, როგორ ვიქცევით? პირველ რიგში, აუცილებელია სწრაფი რეაგირება და დეტალური ინფორმაციის გამოკვლევა, თუ როგორი ხარვეზი დაფიქსირდა, სად, რატომ, რის შედეგად და ა.შ. 

მაგალითად,  როგორც კი პროგრამულ შეცდომაზე ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, თავად შევისწავლით ამ კონკრეტული Bug-ის ისტორიას, შემდეგ კი დეველოპერების გუნდთან ერთად ვიწყებთ აქტიურ მუშაობას მის აღმოფხვრაზე, რათა, რაც შეიძლება მცირე დროში მივაწოდოთ მომხმარებელს სრულფასოვანი პროდუქტი. ტესტერებს ხშირად უწევთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობა, თუმცა ორგანიზებულ და საერთო მიზნისკენ მიმავალ გუნდთან ერთად ყველა სირთულის მარტივად გადალახვა არის შესაძლებელი. 

ქართულ ბაზარზე ტესტერების გამოჩენას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა კომპანიები უკვე აცნობიერენ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ QA მენეჯერებს, შესაბამისად ეს  პროფესიაც ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ციფრულ სამყაროში.  ვფიქრობ, რომ ტესტირება  უახლოეს წლებში მნიშვნელოვნად განვითარდება, სფეისშიც მუდმივად ხდება სიახლეებთან დაწევა და გუნდის განვითარებაზე ზრუნვა.

რაც შეეხება კონკრეტულ უნარებს, რაც QA მენეჯერს სჭირდება, გამოვყოფდი ანალიტიკურ აზროვნებას, რადგან აუცილებელია მთლიანი ბიზნეს პროცესი და მასზე აგებული ლოგიკა კარგად გესმოდეს. ასევე არ უნდა გეშინოდეს ინიციატივის და უნდა იყო, რაც შეიძლება მეტად ცნობისმოყვარე. სფეისში ტესტერების დიდი და მეგობრული გუნდი გვყავს, სადაც ზრუნავენ შენი ცოდნის ამაღლებაზე, ასე რომ თუ ახალ-ახალი გამოწვევები შენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, თვალი ადევნე ჩვენს ვაკანსიებს Linkedin – ზე და შემოგვიერთდი.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.