სფეისი

10 რამ, რაც უნდა იცოდე, სანამ ფესტივალზე წახვალ

ზაფხული ახლოვდება, ფესტივალების სეზონი იწყება და სფეისის გათამაშება და მადრიდი კიიიდევ უფრო გელოდება შენ. მადრიდამდე ყველაზე მოკლე გზას მივაგენით და მიგასწავლით: მოიწვიე ყველაზე მეტი მეგობარი სფეისში 20 მაისამდე და გაემგზავრე Mad Cool ფესტივალზე.

მანამდე კი ნახე ჩვენი რჩევები, რომელიც ნებისმიერ ფესტივალზე გამოგადგება.

რა გახსენდება სულ პირველად, როცა ფიქრობ ფესტივალზე? მხიარულება, სიჭრელე, მუსიკა, ცეკვა, მეგობრები. კი, ეს ყველაფერიც არის, უბრალოდ პატარა საორგანიზაციო სამზადისი აუცილებლად დაგჭირდება მანამ, სანამ ფესტივალზე წახვალ (განსაკუთრებით პირველად და განსაკუთრებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ).

1.დაგეგმე წინასწარ

მერე რა, რომ ფესტივალია. დაგეგმვა ყველაფერს უნდა, მათ შორის გართობასაც. შეამოწმე შემსრულებლების სია ფესტივალის თითოეულ დღეს, რომ ზუსტად იცოდე, ვინ რომელ სცენაზე გამოდის, რომელ საათზე და სად მდებარეობს ეს სცენები. ზოგ ფესტივალს თავისი აპლიკაციაც აქვს ამისთვის, რომელშიც შეგიძლია მონიშნო, ვისი მოსმენა გინდა, ან სხვა რა პროგრამას დაესწრებოდი და აპლიკაცია შენს უნიკალურ კალენდარს შეგიქმნის. თუ აპლიკაცია ვერ აღმოაჩინე, ფესტივალის ვებგვერდიც გამოდგება – ლაინაფი და საფესტივალო რუკაც იქ დაგხვდება.

2.გაეცანი ფესტივალის უსაფრთხოების პოლიტიკას

სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო, ნათქვამია. ჰოდა, ფესტივალებზეც ასე ყოფილა. ზოგან ზურგჩანთის შეტანა არ შეიძლება, ზოგი წყლის ბოთლს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგატანინებს, თუ გაუხსნელია. ცივ იარაღებსა და სასმელზე ლაპარაკიც ზედმეტია. მოკლედ, ფესტივალია და გუნება. სანამ წახვალ, გადახედე იქაურ უსაფრთხოების წესებს. ფესტივალის ზღურბლთან ჩვენს საყვარელ ნივთებთან განშორების ტკივილს კი იმედია მანამდე რამე სახელს მოუფიქრებენ.

3.შეამოწმე ამინდი

აქ ცოტა „თბილად ჩაიცვი, არ გაცივდე“ კი გამოგვდის, მაგრამ რომ გაწვიმდება, მადლობელი დაგვრჩები. შეამოწმე ამინდი, სანამ ფესტივალზე წახვალ. და თუ რამე, მოსაცმელი ან საწვიმარი თან გქონდეს. ჰო, ნებისმიერ ამინდში ჩაიცვი კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც არ გენანება.

4.დატკბი ხელოვნებით

მუსიკალური ფესტივალი მხოლოდ მუსიკისთვის არაა. ერთ-ერთი, რაც ფესტივალს კონცერტისგან გამოარჩევს, არის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ერთ სივრცეში თავმოყრა. არაერთ ფესტივალზე ნახავ ინსტალაციებს, ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს. აქვე შეგიძლია შეიძინო ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, რომელიც ფესტივალზეც გამოგადგება და სამახსოვდოდაც დაგრჩება.

5.მოიარე პატარა სცენები

მთავარი სცენა არ ნიშნავს საუკეთესო შემსრულებელს. ვინ იცის, იქნებ ამომავალი ვარსკვლავი შეამჩნიო პატარა სცენაზე, რომელსაც სხვები რამდენიმე წელში აღმოაჩენენ.

6.დალიე სითხეები

ამ სითხეში ალკოჰოლს არ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა (ნუ, ზომიერად მოსულა). მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი, რომელსაც შეავსებ ხოლმე, მისწრებაა ფესტივალისთვის (თან გარემოზეც იზრუნებ). თუ მთელი დღე ფესტივალზე ხარ, დღისით მზის გულზე დადიხარ, ღამით ცეკვავ, წყალივით გჭირდება წყალი, თანაც ბევრი. არ აქვს მნიშვნელობა გრძნობ თუ არა წყურვილს – ცეკვა, ალკოჰოლი, ბევრი სიარული, მზეზე ყოფნა შენი ორგანიზმიდან წყალს გამოდევნის და ეს ბალანსი აუცილებლად უნდა აღადგინო.

7.დათქვი შეხვედრის ადგილი

თუ მეგობრებთან ერთად მიდიხარ ფესტივალზე, არამგონია რომელიმეს ერთმანეთის დაკარგვა გინდოდეთ – თან ბევრ ხალხსა და უცხო გარემოში. ჰოდა, უფრო მშვიდად რომ იყოთ, დათქვით შეხვედრის ადგილი. თუ მოხდა ისე, რომ შემოგეკარგათ ერთმანეთი, გეცოდინებათ სად უნდა მიხვიდეთ.

8.დატენე ტელეფონი

მართალია, ფესტივალების უმრავლესობას აქვს თავისი სივრცეები, რომელშიც შეგიძლია დატენო მობილური, მაგრამ მგონი არ გინდა ერთ წერტილში ჯდომა, როცა ათასი გასართობი სივრცე და ყველა სცენა ერთად გიხმობს. თან ტელეფონის დატენვა ზოგჯერ ფასიანია ხოლმე. მოკლედ, ფესტივალზე დატენილი ტელეფონით წადი და გარე დამტენიც თან გქონდეს.

9.მოუფრთხილდი ჯანმრთელობას

საფესტივალო განწყობა არაფერმა არ უნდა გაგიფუჭოს – არც ჯანმრთელობამ მათ შორის. ამიტომ თან გქონდეთ პირველადი დახმარების ნივთები, წამლები, რომლებსაც რეგულარულად იღებ, პირადი ჰიგიენის ნივთები, ანტი-ბაქტერიული სითხე ხელებისთვის. თუ საღამომდე არ იცდი და ისე მიდიხარ ფესტივალზე, მზისგან დამცავი კრემიც ჩაიგდე ჩანთაში, რომ დამწვრობამ არ შეგიშალოს ხელი საყვარელი არტისტის მოსმენაში.

10.გაერთე და თან გადაიღე ფოტოები (და არა პირიქით)

არა, რა თქმა უნდა, ვის არ უნდა თავის საყვარელ შემსრულებელს სუუულ შორიდან მაინც თვითონ გადაუღოს ფოტო. თან გაზიარებაც ბუნებრივი მოცემულობაა ადამიანისთვის, არა? მაგრამ ხანდახან სჯობს რომ ტელეფონი ჯიბეში შევინახოთ და ფოტოაპარატი ჩანთაში და უბრალოდ იმ წამით ვისიამოვნოთ, რომელიც იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაფიქსირება მომავალი ,,მე” – სთვისა და მეგობრებისთვის.

კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ მადრიდი და Mad Cool ფესტივალი გელოდება შენ.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.