დაბრუნება

7 რამ, რაც უნდა იცოდე შენი პერსონალური მონაცემების დასაცავად

ალბათ ერთხელ მაინც მიგიღია მეილი, რომელიც გეუბნებოდა, რომ შორეულმა ნათესავმა მთელი თავისი მემკვიდრეობა დაგიტოვა. მის მისაღებად კი უბრალოდ ბმულზე გადასვლას ან შენი მონაცემების გაზიარებაა საჭირო. არა, ასეთი ზღაპრების ვის სჯერა, მარგამ სუუულ ცოტა ხომ წაგვძლევს ხოლმე სული და ცნობისმოყვარეობა, და მგონი ერთხელ მაინც ყველა გადავსულვართ საეჭვო ბმულზე.

ეს ამბავი რას მოვაყოლეთ. რას და, მონაცემთა დაცვა დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩვენი ფიზიკური კვალი უფრო და უფრო გაციფრულდა და ზოგჯერ სიჩქარეში ისე მექანიკურად მოვნიშნავთ ხოლმე “ვეთანხმები” მონაცემების გრაფას, რომ კითხვასაც არ ვსვამთ. არადა, უბრალოდ წარმოიდგინე შენ მიერ გაცემული ინფორმაცია არასასურველ მხარეს რომ ჩაუვარდეს ხელთ. ჰო, ნამდვილად არაა სასიამოვნო.

რა არის პერსონალური მონაცემები?

იცოდი, რომ პერსონალური მონაცემების დაცვას თავისი დღე ჰქონია? 28 იანვარს ამ დღის ინიციატორები 2007 წლიდან ხალხს შეახსენებენ პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე. მაინც რას მოიცავს პერსონალური მონაცემები?

დაბადებასთან ერთად, პერსონალური მონაცემებსაც ვიძენთ - გვარქმევენ სახელს, დაბადების მოწმობაში ავსებენ სხვადასხვა ველს. ჩვენს ზრდასთან ერთად ტანსაცმელი კი გვიპატარავდება, მაგრამ იზრდება ჩვენი პერსონალური მონაცემების სია. შენი ეს ინფორმაცია ჯერ სკოლაში ინახება, თუ უნივერსიტეტში გააგრძელე სწავლა - იქაც. შემდეგ სამსახურში უკვე დამსაქმებელს აქვს შენი მონაცემები - CV, ანაზღაურება. და ასე ცხოვრების ყველა ეტაპზე.

პერსონალური მონაცემია ასევე ინფორმაცია შენი ფინანსების შესახებ - ანაბარი, სესხი, ტრანზაქციების ისტორია, საკრედიტო რეიტინგი, ბარათის მონაცემები და ა.შ.

via GIPHY

გადაადგილების ისტორიაც კი ამ კატეგორიის ინფორმაციას განეკუთვნება, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს შენი ადგილმდებარეობა ან ჩვეული მარშრუტი. ამ ტიპის ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია, თუ გინდა რომ ტაქსი ან ლანჩი გამოიძახო, ან facebook - ის nearby friends ფუნქცია გამოიყენო, შენი ადგილმდებარეობის გაზიარება მოგიწევს.

მაგრამ იცოდი, რომ ესეც პერსონალური ინფორმაციის კატეგორიას მიეკუთვნება? ამიტომ როცა კომპანიას, ვებგვერდს ან აპლიკაციას ნებას რთავ, გამოიყენოს ეს მონაცემი, კიდევ ერთხელ დაფიქრდი, სანამ “ვეთანხმები” ველს მონიშნავ. სურათების დასამუშავებელ აპლიკაციას, ლოგიკურია, რომ წვდომა უნდა მისცე სურათებზე, ტაქსის აპლიკაციას - ლოკაციაზე. მაგრამ არა პირიქით.

via GIPHY

ასევე, შენი ნებისმიერი „ჩექინი”, სურათზე მონიშნული ლოკაცია არის თანხმობა, რომ გაასაჯაროვო შენი პერსონალური ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ.

ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციები ჩვენ შესახებ პერსონალურ მონაცემებს აგროვებენ იმ მიზნით, რომ თავიანთი მომსახურება ან სერვისი გააუმჯობესონ, ზუსტად ის შემოგვთავაზონ, რაც ჩვენს ხასიათს, ქცევას, ინტერესებს ერგება და ა.შ.

თუმცა, სანამ გააზიარებ შენ შესახებ პერსონალურ ინფორმაცის, დარწმუნდი, რომ შენი ნდობით ბოროტად არ ისარგებლენენ. მოკლედ, რომ ვთქვათ ინფორმაცია გაუზიარე მხოლოდ მას, ვინც გთავაზობს კონკრეტულ პროდუქტს/სერვისს. ალბათ გსმენია კიბერდანაშაულის, პერსონალური მონაცემების არაკეთილსინდისიერად გამოყენების საფრთხეები. ამ საფრთხეების შესამცირებლად რამდენიმე მარტივი რჩევა გავამზადეთ შენთვის.

როგორ დაიცვა შენი პირადი მონაცემები

1. გამოიყენე ძლიერი პაროლი

არანაირი 123456, არც 123456789 და არც qwetry. გამოიყენე რთული პაროლები. შეადგინე ის განსხვავებული სიმბოლოებისგან - აურიე დიდი და პატარა ასოები, ციფრები. პაროლი სულ მცირე 8 სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს. ეცადე, რომ ერთი პაროლი სხვადასხვა ვებგვერდზე არ გამოიყენო.

რთულ პაროლზე რთული მისი დამახსოვრებაა ხოლმე, მაგრამ შენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისთვის ღირს, დაგვიჯერე. თუ ყოველ ჯერზე არ გინდა, რომ შენი (ახლა უკვე) რთული პაროლი თავიდან შეიყვანო, ზოგი აპლიკაცია გთავაზობს პასკოდის დაყენებას, რომელიც ციფრისგან შედგება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ეცადე, რომ შენი პასკოდი ადვილად გამოსაცნობი არ იყოს.

via GIPHY

თუ გინდა, რომ კიდევ უფრო დაცული იყოს შენი მონაცემები, ორფაქტორიანი ავტორიზაციის ჩართვას გირჩევთ, რაც დამატებით დაიცავს შენ შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში, მესენჯერში, ელფოსტაზე და ა.შ. ამ ფუნქიას თუ გამოიყენებ, შენს ანგარიშზე შესასვლელად მოგიწევს არამხოლოდ პაროლის, არამედ ერთჯერადი კოდის შეყვანაც, რომელიც მოგივა sms - ით, მეილით ან მის ნახვას შეძლებ შენს მობილურში სპეციალურ აპლიკაციაში.

2. ფრთხილად უფასო ინტერნეტთან

უფასო ინტერნეტი სულზე მისწრებაა, როცა საჯარო სივრცეში ხარ, წიგნიც დაგრჩა, ყურსასმენიც და არც მობილური ინტერნეტი გაქვს. კარგი, საჯარო სივრცეში მოწყენილობას კიდევ აიტანს ადამიანი, მაგრამ ხანდახან აუცილებლად რომ გჭირდება? აი, მაგალითად უცხო ქალაქში. ამ დროს ეცადე საჯარო ინტერნეტით არ შეხვიდე ისეთ საიტებზე, რომლებზეც შენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება - ინტერნეტ ბანკში ან სამსახურის ელფოსტაზე, მაგალითად. იგივე გაითვალისწინე საერთო მოხმარების კომპიუტრებზეც.

via GIPHY

3. არ გადახვიდე ბმულზე

სანამ გადახვალ ბმულზე, შეამოწმე ვებგვერდის მისამართი, „ფიშინგში” და შარში რომ არ გაეხვე. აქვე გეტყვით, რომ ფიშინგი არის ინტერნეტ თაღლითობის დანაშაულებრივი ფორმა, რომლის დროსაც ადამიანები ცდილობენ მომხმარებელს გამოსძალონ პირადი მონაცემები (პაროლი, საკრედიტო ბარათის ან საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა სახის პერსონალური ინფორმაცია).

4. ყურადღებით მეილთან

სანამ მეილის თანდართულ ბმულს გახსნიდე ან ფაილს ჩამოტვირთავდე - ასი თვალი და ასი ყური. არ გახსნა შენთვის საეჭვო შეტყობინებებზე მიმაგრებული ფაილები. განსაკუთრებით ერიდე ისეთ მეილებს, რომლებშიც გთხოვენ პირადი მონაცემების გამჟღავნებას.

via GIPHY

5. რას აზიარებ სოციალურ ქსელებში?

სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაცია ფაქტობრივად პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე თანხმობაა. შეამოწმე, ხომ არ გიწერია შენთვის მნიშვნელოვანი მონაცემები „about” განყოფილებაში? ან ნამდვილად გინდა, ყველა ფოტოს ეწეროს სად არის გადაღებული?

via GIPHY

ასევე ყურადღებით იყავი ფეისბუქის ჯგუფებშიც. მიუხედავად იმისა, ჯგუფი დაკეტილია თუ არა, შენ მიერ დაწერილმა პოსტმა თუ კომენტარმა მარტივად შეიძლება მიაღწიოს შენთვის არასასურველ ადრესატამდე.

6. მოუფრთხილდი კომპიუტერს

შენი კომპიუტერი უყურადღებოდ რომ არ უნდა დატოვო, ჩვენგან არ გესწავლება. პაროლის დაყენებაც არ დაგავიწყდეს. როგორი უნდა იყოს პაროლი, ხომ გახსოვს პირველი პუნქტიდან? ყურადღება მიაქციე, რა მოწყობილობებს უერთებ შენს კომპიუტერს. ვირუსის გავრცელება სულ მარტივია მეხსიერების ბარათიდან.

via GIPHY

7. საცდელი ტრანზაქცია?

თაღლითები სხვადასხვა ხერხს იგონებენ იმისათვის, რომ შენი მონაცემები გაიგონ. ასეთია ე.წ. „საცდელი ტრანზაქცია”. ამ დროს, როგორც წესი, ტელეფონით ბანკის სახელით მომხმარებელს სთხოვენ ერთჯერადი ტრანზაქციის შესრულებას ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით. დარწმუნდი, რომ ამ სქემის უკან ვიღაც არ დგას, რომელსაც შენი პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენება უნდა.

ადამიანების ნაწილისთვის რთულია მათ საკუთრებად აღიქვან პირადი ინფორმაცია, რომელსაც სჭირდება ისეთივე (თუ არა უფრო მკაცრი) დაცვა, როგორც ფიზიკურ ნივთებს.

via GIPHY

როგორც პირადი უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, როცა საქმე პირადი მონაცემების დაცვას ეხება, ყველაზე დიდი ძალაც და საფრთხეც ადამიანია. სფეისშიც გვჯერა ამის. მდიდარი შორეული ნათესავივით მემკვიდრეობას ვერ დაგიტოვებთ, მაგრამ დაგიტოვებთ ამ სიტყვებს - არავის გაუზიარო შენი პაროლი, პინკოდი და მოუფრთხილდი შენს პერსონალურ ინფორმაციას.

წყარო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;