ონლაინ სესხი

როგორ უნდა გამოვისწორო საკრედიტო რეიტინგი?

როგორც უკვე ყველამ კარგად ვიცით, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ უცებ ფული გჭირდება, მაგრამ იმ წამს არ გაქვს (ხელფასი დაგვიანდა; თორმეტი ტყუპის დაბადების დღეა; ფესტივალმა ახლახანს ჩაიარა; ფული შენი აზრით მომგებიან სტარტაპში დააბანდე და ცოტა ხანში მიხვდი, რომ თურმე შეცდი) და გიწევს, რომ სესხი აიღო. ხოლო იმისათვის, რომ შენი სურვილები დაკმაყოფილდეს, საჭიროა კარგი საკრედიტო ისტორია გქონდეს.

ვესტერნის ენაზე რომ ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ The Good, the Good and the Good უნდა იყო.

ან, როგორც ჩვენ ურბანულ რეალობაში ამბობენ ხოლმე, “მიქარული” არ უნდა გქონდეს.

საკრედიტო ქულა საშუალებას აძლევს მათ, ვინც სესხი უნდა დაგიმტკიცონ, მიხვდნენ, ხარ თუ არა ის, ვინც შესაძლოა სესხი არ დაფაროს, გადახდა გადააცილოს და ა.შ… მოკლედ, – გაიაზრონ რისკები და შეექმნათ შენზე შთაბეჭდილება.

საკრედიტო ქულის პრინციპი კი მარტივია – რაც მეტი ქულა გაქვს, მით მეტია შანსი რომ სესხს საუკეთესო პირობებით აიღებ. ისევე როგორც, მეტი იყო შანსები GOT-ის ბოლო სეზონი კარგი გამოსულიყო, ჯორჯ მარტინს წიგნი თავის დროზე რომ დაეწერა.

რას ვამბობდით? ჰო. ბევრს რომ არ მივედ-მოვედოთ, თუ გსურს ახლა და მომავალში სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტით ისარგებლო, საკუთარ საკრედიტო რეიტინგზე უნდა იზრუნო. კრედიტინფოს საკრედიტო ქულა კი დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რომელიც შენს საკრედიტო ისტორიაშია მოცემული.

როგორ უნდა გამოასწორო საკრედიტო რეიტინგი?

პირველ რიგში, გადაამოწმე შენი საკრედიტო ისტორია. გადამოწმებისას, საკრედიტო რეიტინგთან ერთად, მიიღებ დამატებით ინფორმაციას იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც შენს საკრედიტო ქულაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ. ამ ფაქტორების გაგება და გაანალიზება დაგეხმარება, მიხვდე, რა გჭირდება, რომ შენი რეიტინგი გაუმჯობესდეს.

როცა მთელ ამ საკრედიტო ინფორმაციაში კარგად გაერკვევი, მიხვდები რომ ზოგიერთი ფაქტორი უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქულის ფორმულირებაზე. მაგრამ, გადახდების ისტორია და კრედიტის მოხმარების სიხშირე მაინც ყველაზე მეტად მოქმედებს შენს საკრედიტო ქულაზე.

არ არსებობს ძალიან სწრაფი გზა საკრედიტო ისტორიისა და ქულის გასაუმჯობესებლად. საკრედიტო ისტორიის აღდგენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზული სირთულეები იყო გადახდებში და რამდენად იმოქმედეს მათ შენს საკრედიტო ისტორიაზე. აღდგენას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, ან შეიძლება ითხოვდეს კარგი გადახდების რამდენიმეწლიან ისტორიას.

ქვემოთ იხილავ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარება გაიუმჯობესო საკრედიტო რეიტინგი:

1. დროულად გადაიხადე სესხის შენატანები

როდესაც გარკვეული ორგანიზაციები, რომლებმაც სესხი უნდა დაგიმტკიცონ, შენს საკრედიტო ისტორიას ამოწმებენ, პირველ რიგში, ისინი აუცილებლად იმას უყურებენ, თუ როგორი გადამხდელი ხარ, ანუ – როგორ უმკლავდები აღებულ ვალდებულებებს. როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქაც დიდწილად შენი წარსული განსაზღვრავს, როგორი იქნება მომავალი.

ყველაზე სწორი გზა კარგი საკრედიტო ქულის შესანარჩუნებლად და არც ისე კარგის გამოსასწორებლად, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ვალდებულებების შესრულებაა. სულ ცოტა ხნით დაგვიანებაც კი რეიტინგზე უარყოფითად ისახება.

მთავარია დაამტკიცო შენი გადამხდელუნარიანობა. თუ ამ საკითხში პრობლემები შეგქმნია, დღესვე დაიწყე ვადაგადაცილებული და ჩამოწერილი სესხების გასტუმრება და დაეწიე გრაფიკს.

აქვე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი შენიშვნა: გახსოვდეს, რომ დაგვიანებული გადახდები შენს ისტორიაში, სესხის დაფარვიდან 5 წლის განმავლობაში ჩანს. რაც დრო გადის, ვადაგადაცილებებზე ინფორმაცია უძლური ხდება და შენს ქულაზე იმხელა ზემოქმედება აღარ აქვს, რამდენიც თავის დროზე ჰქონდა.

სიტყვაზე: რამდენიმე დღიანი ვადაგადაცილების გამო რომ ჯარიმა დაგრიცხვია, ეგ რამდენიმე თვეში განეიტრალდება, როცა სერიოზული ვადაგადაცილება, როგორიცაა – ჩამოწერილი სესხები და 30 + დღეზე გადაცილება, კიდევ რამდენიმე წელი ინარჩუნებს გავლენას.

2. აკონტროლე კრედიტების მოხმარების სიხშირე და ეცადე ხანგრძლივად არ ისარგებლო საკრედიტო ბარათის სრული ლიმიტით

სესხების ხშირი მოხმარება და საკრედიტო ბარათის ბოლომდე ათვისება თან დიდი ხნით, მნიშვნელოვნად ამცირებს შენს ქულას. მაგალითად, თუ საკრედიტო ბარათის სრული ლიმიტი გამოყენებული გაქვს მუდმივად, შენი საკრედიტო ქულა დაიკლებს, ხოლო პერიოდული დაფარვები, პირიქით, დადებითად მოქმედებს რეიტინგზე.

3. მარტო მაშინ შეავსე სესხზე განაცხადი, როცა გჭირდება

მხოლოდ იმიტომ თუ აიღებ სესხს, რომ შენს ისტორიაში ჩანდეს აქტიური ვალდებულებები, შეიძლება საბოლოოდ კარგ შედეგამდე ვერ მიხვიდე და პირიქით, ამან ცუდი ზეგავლენა იქონიოს შენს ქულაზე (რადგან, ის აჩენს ზედმეტ ძიებებს შენს საკრედიტო რეპორტში და კრედიტის მოხმარების სიხშირესაც ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძიება ნეგატიურად ისახება ქულაზე, დროის გასვლასთან ერთად, ეფექტი მცირდება).

4. აკონტროლე საკრედიტო ისტორია

მაინც ხშირად შეამოწმე ხოლმე შენი საკრედიტო ისტორია და სანამ სესხს მოითხოვ დარწმუნდი, რომ შენი მონაცემები მისაღები იქნება იმ ორგანიზაციისთვის, რომელშიც სესხი უნდა აიღო.

საკრედიტო ქულის კონტროლი კი მარტივია – შედი mycreditinfo.ge-ზე და უფრო კარგად გაეცანი შენს ისტორიას, რომ გაუგებარი და ბუნდოვანი მომავალში არაფერი იყოს.

როგორც არავის უთქვამს: „შორს, ბუნდოვანებავ!”

ჩვენ კი საუკეთესო საკრედიტო ქულას გისურვებთ!




რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს:

sesxis ageba | onlain gadaxdebi | onlin sesxebi | online sesxi | gazis gadasaxadi

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.