დაბრუნება

ხელფასის-ბლოგის-ქავერი

როგორ სთხოვო უფროსს ხელფასის მომატება?

რადგან სფეისზე უკვე ხელფასის ავტომატურად გადმოტანა შეგიძლია, ვიფიქრეთ, ხელფასთან დაკავშირებულ თემებზე გვესაუბრა შენთან და პირველი გაგვახსენდა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დისკომფორტი, რომელიც ალბათ შენც გამოგიცდია - როგორ ვთხოვოთ უფროსს ხელფასის მომატება.

ამ კითხვით მეგობრებს მივადექით და საუკეთესო რჩევები შევკრიბეთ, რომელსაც ქვემოთ შეგიძლია გაეცნო.

იმედია, გამოგადგება ^_^

მაიკო, 30 წლის

ჩემს შემთხვევაში, ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი ისევ ჩემს ტვინში იყო, როცა მეგონა უფროსის თვალში ხარბი ადამიანი გამოვჩნდებოდი, რომელიც ამ პერიოდში ხელფასის მომატებაზე ლაპარაკობს, იმის ნაცვლად, მადლობელი იყოს, რომ საერთოდ აქვს სამსახური :) არადა, ხელფასის მომატებაზე ლაპარაკი ძალიან ნორმალური და ჩვეულებრივი ამბავია.

სიხარბე არაფერ შუაშია და საერთოდ არ არის აქ მოსატანი სიტყვა :) თუ შენი უფროსი გამოცდილი მენეჯერია, აუცილებლად ისიც ეცოდინება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბუნებრივია, თანამშრომელმა ხელფასის მატება მოითხოვოს. თუნდაც თავიდანვე არ დაგთანხმდეს, ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობა გაგიფუჭდება, თუ რა თქმა უნდა, იმაზე ბევრად მეტს არ ითხოვ, რამდენიც გეკუთვნის.

მთავარია, გააზრებული გქონდეს, რომ ხელფასის მომატება საჩუქარი არ არის. უფროსის მხრიდან ეს არის იმის აღიარება, რომ ახლა უფრო მეტი საქმის კეთება გიწევს ან უფრო განვითარდი, როგორც პროფესიონალი, ვიდრე მაშინ, როცა ამჟამინდელ ხელფასზე შეთანხმდით. ხოლო თუ ამის აღიარება არ მოუნდებათ, გადადი იქ, სადაც შენს მიერ გაწეულ შრომას ადექვატურად შეაფასებენ.

მე გავბედე ჩემს უფროსთან ამ საკითხის წამოჭრა და ახლა გაზრდილი ხელფასით ნაყიდი ტელეფონი მიჭირავს ხელში.

გუგა, 26 წლის

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დროის შერჩევა. შენი უფროსიც ადამიანია, ყოველდღიური პრობლემებით და საფიქრალით. როგორც ყველას, მასაც შეიძლება ცუდი დღე ჰქონდეს. ასეთ დროს, ალბათ მაინც თავის შეკავება ჯობს. თუმცა, თუ ხედავ, რომ შენ მიერ გაკეთებული საქმე კომპანიას კარგად წაადგა - ტენდერი მოიგე, კლიენტი კმაყოფილი დარჩა შენი მუშაობით, მაღალბიუჯეტიანი პროექტი დაგიმტკიცეს და უფროსიც ბოლო პერიოდში, შენით კმაყოფილი ჩანს, შეგიძლია ჩათვალო, რომ სწორი დროა ხელფასის მომატებაზე სალაპარაკოდ.

მე ზუსტად ამ მომენტს დაველოდე - როცა თვენახევრიანი თავაუღებელი მუშაობის შემდეგ, ერთ-ერთი დიდი პროექტი ჩავაბარეთ, წარმატებული შეხვედრის მერე ჩემს უფროსს ველაპარაკე და მთელი წინა წლის სამუშაო შევაჯამეთ. იქვე შევთანხმდით, რომ მომატებას ვიმსახურებდი <3

ირაკლი, 42 წლის

ხელფასის მომატების მიზეზი ბინის გაძვირებული ქირა, ან რაღაც კონკრეტული მიზნისთვის ფულის შეგროვება არ უნდა იყოს. მითუმეტეს უფროსთან ლაპარაკის დროს. ფოკუსირდი საქმიან მხარეზე - რამდენად ღირებული კადრი ხარ კომპანიისთვის? რამხელა კონტრიბუცია გაქვს და რამდენად ხარისხიანად ასრულებ სამუშაოს. გაძვირებულ ცხოვრებაზე რომ დამეწყო ჩემს უფროსთან ლაპარაკი, ამ ბლოგისთვის რჩევის საკითხავადაც არ მოხვიდოდი :))

ეკა, 35 წლის

ხელფასის მომატების თხოვნისას გაითვალისწინე, რომ შეიძლება პასუხად “არა”, ან “სხვა დროს ვილაპარაკოთ” მიიღო. არ არის გამორიცხული, უფროსი იმ წამსვე არ დაგთანხმდეს. თუ ამ თემაზე დალაპარაკება მოგვიანებით მოგთხოვა, არ მოგერიდოს დააზუსტო, როდის იქნება ეს “მოგვიანებით”.

თუ პასუხი უარია, ხელი არ ჩაიქნიო. დიალოგში შედი და გაარკვიე, რამ განაპირობა უარყოფითი პასუხი. დააზუსტე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხელფასი მოგემატოს. თუ უფროსი კონსტრუქციულ არგუმენტებს მოიყვანს, დაფიქრდი, იქნებ მართლაც არ არის ჯერ მომატებისთვის სწორი დრო. ამას პირადი გამოცდილებიდან ვყვები :)

რატომღაც, არ მოვემზადე უარისთვის და როცა მოვისმინე, დავიბენი, მიზეზები აღარ ვიკითხე და ფრუსტრირებულს, გონება გამეფანტა. თუმცა, საბედნიეროდ, ჩემმა უფროსმა არ ისარგებლა ამ ყველაფრით და მიზეზები თვითონ ჩამომითვალა. როცა ის შეცდომები გამოვასწორე, რომლებზეც მიმითითა (და აქვე უნდა აღვნიშნო, ობიექტურად მართალი იყო), ნახევარ წელში ხელფასი თავისი ინიციატივით მომიმატა.

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;