დაბრუნება

სფეისური ამბავი №1

11:00

საათს უყურებ და ერთი სული გაქვს, დრო მალე როდის გავა. კიდევ ერთი საათი უნდა ითმინო შეხვედრაზე შეკრებილი ხალხის უაზრო ლაპარაკი. მაგრამ, ამას კიდე აიტანს კაცი. წინ მთელი სამუშაო დღე გაქვს. ანუ, დაახლოებით შვიდი საათი. შვიდი საათიც და… ფეხბურთის ნანატარ მატჩს უყურებ, რომელსაც მთელი კვირა, თვე, ორი თვეა ელოდები. კარგი, ამდენიც არა, მაგრამ დიდი ხანი, ფაქტია. დღეს შენი გუნდი თამაშობს. ნახევარფინალია. ფანქარს ცარიელ ფურცელზე აკაკუნებ და საათს უყურებ: 11:03.

12:30

სამზარეულოში დგახარ და ელოდები, წყალი როდის ადუღდება, რომ ყავა დალიო. მეორე, თუ მესამე ჭიქა. შეიძლება მეოთხეც. “ამდენი ყავა ისე, მგონი არ შეიძლება”, ფიქრობ და კარგად იცი, რომ მართალი ხარ. მაგრამ, რა დროს ყავაა. დღეს შენი გუნდი თამაშობს. ანუ, მიხვალ თუ არა სახლში გამოაღებ კარადის კარს, გადმოიღებ საგულდაგულოდ დაუთოებულ მაისურს, ჩაიცვამ, კომფორტულად მოთავსდები დივანზე, შენი უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორის წინ, მაგიდაზე ჩიპსებით და ლუდით და იოგებს არ დაიშურებ, მთელ ხმაზე რომ დაიყვირო “გოოოოოოოოლ!”. ისე, რომ ცოტათი შენი მეზობელი შეაწუხო, რომელიც ვერ იტანს ფეხბურთს და ისე, რომ უბრალოდ შენი გაისწორო. მაგრამ ახლა სამზარეულოში ხარ, ჩაიდანს უყურებ და ელოდები, როდის აინთება ლურჯი, იმის ნიშნად რომ წყალი ადუღდა. სამზარეულოს კარს თორნიკე, შენი თანამშრომელი აღებს.

“აუ, შეგიძლია რო მობილურის ნომრით 50 ლარი გადმომირიცხო? და ქეშად მოგცემ. რაღაცაში მჭირდება და ანგარიშზე არ მაქვს საკმარისი”. “მაქვს ხო შენი ნომერი?”. “გამიტყდება, თუ არ გაქვს”. “ვხუმრობ, მაქვს რა თქმა უნდა”. “სფეისით ქენი რა ოღონდ, რო მალევე დამიჯდეს”. “ვსო, ეგაა. დაგიჯდა?” “კი, კი, გაიხარე. აჰა ეს”.

50 ლარიანს ჯიბეში იდებ. ჩაიდანზე ლურჯი ინთება.

13:45

მთელი დღის საქმეს ზუსტად ერთ საათში რჩები. ექსელის ფაილს შესაბამის ფოლდერში ინახავ და საათს უყურებ. ჯერ კიდევ დიდი დროა გადამწყვეტ მომენტამდე. შენს წინ მჯდომი ეკა თამუნას მთელ ხმაზე ელაპარაკება. თავის გუშინდელ პაემანს განიხილავს. ყურსასმენებს იკეთებ და Youtube-ზე მუსიკას რთავ. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ვიდეოდან ვიდეოზე დახტუნაობ - ელენ დიჯენერესის, SNL-ისა და რამდენიმე ცნობილი სთენდ-აფ კომიკოსის ყველაზე სასაცილო მომენტები —> საყვარელი კატების და ძაღლების ვიდეოები —> ახალი ფილმების თრეილერები —> წინა მატჩების რჩეული გოლები —> საყვარელი კატების და ძაღლების ვიდეოები. წვალებით, მაგრამ ოცი წუთი მაინც გაიყვანე.

15:20

შენთვის ფეხბურთი ცხოვრებაა. ეს ჯერ კიდევ შვილი წლის ასაკში გააცნობიერე, როცა სკოლის პირველ დღესვე გაკვეთილიდან გაიპარე და მეზობლებთან ერთად უბნის სტადიონზე სკოლის ტანსაცმელითვე ითამაშე ფეხბურთი. როცა სახლში მიხვედი, დედაშენს გაუკვირდა, სად მოასწარი ტანსაცმლის ასე დასვრა და გაოფლიანება. ათი წლის შემდეგ უკვე თითქმის პროფესიონალი ფეხბურთელი იყავი. ყოველ შემთხვევაში, ასე მოგიხსენიებდა შენი მწვრთნელი. მამაშენიც, სხვათა შორის. შენც, ცოტა არ იყოს, თავში გქონდა ავარდნილი და შექებებს იფერებდი, ფიქრებში კი შენი ფავორიტი გუნდის თავდამსხმელად წარმოიდგენდი თავს. ერთ-ერთი ასეთი წარმოდგენის დროს თანაგუნდელის ჩაწოდებული ბურთი თავში მოგხვდა და მთელი ფიქრები ბალახზე დაგაყრევინა. ტვინის შერყევა მიიღე, მაგრამ თამაში სულ რაღაც ორ კვირაში გააგრძელე. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ, რატომღაც 21 წლის ასაკში გააცნობიერე რომ ფეხბურთის თამაში აღარ გინდოდა. დღემდე ვერ ხსნი, რამ გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილება, მაგრამ ფაქტია - ერთ დღესაც უბრალოდ შეწყვიტე თამაში. თითქოს მიხვდი, რომ ყურება უფრო გიყვარდა, ვიდრე მონაწილეობა…

  • გესმის? - თანამშრომელი გეძახის. ყურსასმენებს იხსნი.
  • ჰო.
  • გამომიგზავნე?
  • კი, მეილზე გაქვს.
  • არა ბატონო.
  • უი, დაიცა, მგონი არ გამომიგზავნია. ახლავე.
  • მიდი, მიდი.

17:30

მერვე ჭიქა ყავას სვამ. თუ ასე გააგრძელე სისხლში ლეიკოცეტები კოფიციტებად გადაგექცევა. ესეც კარგად იცი, აბა, მე ხო არ მომიგონია.

18:50

წარმოდგენა არ გაქვს როგორ, მაგრამ ეს დღე თითქმის გადააგორე. მიუხედავად იმისა, რომ უსაშველოდ გაიწელა. კარგად არც გახსოვს, რას აკეთებდი ბოლო რამდენიმე საათი. ალბათ იმიტომ, რომ საათებს გადავახტი და არ აღვწერე, რითი იყავი დაკავებული. შენით საიდან უნდა იცოდე.

ჩანთაში ლეპტოპს დებ, თანამშრომლებს ემშვიდობები და ოფისიდან გადიხარ. გარეთ ტაქსი გელოდება. ტაქსისტი რომელიღაც ცნობილ ჰოლივუდის მსახიობს გავს, რომლის სახელსაც ვერ იხსენებ. ესე იგი, არც ისე ცნობილია.

19:20

საცობების გათვალისწინებით კიდე მალე მიხვედი სახლში. ლეპტოპის ჩანთას საძინებელში დებ და კარადის კარს აღებ, საგულდაგულოდ დაუთოებულ მაისურს იცვამ, სამზარეულოდან წინასწარ გამზადებული ლუდი და ჩიპსები გამოგაქვს და დივანზე კომფორტულად კალათდები. მზად ხარ იოგები არ დაინდო და შენი მეზობლის ჯინაზე, მთელ ხმაზე იყვირო: “გოოოოოოოოლ!”. ტელევიზორს რთავ, მაგრამ… უცებ მთელ ბინაში შუქი ქვრება. ცივი ოფლი გასხამს, ხელები გიკანკალებს. ხელებზეც ცივი ოფლი გასხამს, თუმცა შემდეგ აცნობიერებ რომ ლუდია, რომელიც ხელში გიჭირავს და ანჯღრევ. ბოთლს მაგიდაზე დგამ და ოთახში ბოლთას სცემ. მხოლოდ რამდენიმე წამში აცნობიერებ, რომ დღეს კომუნალურების გადახდის ბოლო დღე იყო, შენ კი დაგავიწყდა. ხელფასი ხვალ გერიცხება. მაგრამ, მატჩი დღესაა… რომ არ უყურო, შეიძლება გაგიჟდე. ნუ, ალბათ არ გაგიჟდები, მაგრამ სასიამოვნოდაც ვერ იგრძნობ თავს. არა, არა, გაგიჟდები. მობილურს იღებ და დარჩენილი მეგაბაიტებით მესენჯერში შედიხარ. შენი საუკეთესო მეგობარი ონლაინაა.

“აუ, სასწრაფოდ უნდა მიშველო”. “ხო მშვიდობაა?”. “არა, რა მშვიდობა! შუქი გაითიშა, გადასახდელი მაქვს…”. “დაიცა, ანუ მატჩს არ უყურებ?” “რანაირად, შუქი წავიდა-მეთქი! ხვალამდე მასესხე რა ფული”. “რამდენი გინდა?” “100”. “დაიცა, სფეისითვე გადმოგირიცხავ”. “ამ ლინკს რა ვუყო?”. “არაფერი, გახსენი უბრალოდ და ეგაა, ანგარიშზე გაქვს”. “ვსო, ეგაა <3 <3 <3”

მესენჯერიდან გამოდიხარ და სფეისის აპლიკაციას ხსნი, წინასწარ შექმნილ კომუნალურების შაბლონებს კალათაში ერთიანად ყრი და გადახდას აჭერ. “გადახდილია”, ფიქრობ და ფრჩხილებს იკვნეტ. ეს უკვე მეორე მავნე ჩვევაა, ყავის არაადამიანური დოზების შემდეგ.

შუქი ზუსტად 7 წუთში მოდის. “გოოოოოოოოლ!”, დაიყვირებ ბედნიერი, ოღონდ ვერ ხვდები, რატომ. ბოლოს შუქის მოსვლა ასე 98 წელს გაგიხარდა.

ტელევიზორს რთავ და რას ხედავ - უკვე ორი ბურთი გაგიტანიათ. რამდენიმე წამით გაშრები, პულტი ხელიდან გაგივარდება. ორი გოლი პირველ ათ წუთში. და შენ ეს ყველაფერი გამოტოვე. საბედნიეროდ, სანამ ბოლომდე სასოწარკვეთაში გადავარდებოდი, გაგახსენდა, რომ 2018 წელია და თავისუფლად შეგიძლია უკან გადახვევა.

 

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;