სფეისი

როგორი შეიძლება იყოს განათლების მომავალი?

მომავლის განათლება

მოდი, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთადერთი უცვლელი რამ ცვლილებაა. ამ ცვლილების იმაზე მალე განჭვრეტა და შემჩნევა, ვიდრე ის მოხდება არის უნარი, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ჰოდა, ცვლილებას განათლებაშიც ვერსად გავექცევით. სკოლის მოსწავლეები ინფორმაციის მოსაძიებლად ძველ, მტვრიან ენციკლოპედიებში აღარ იქექებიან. სტუდენტებს კი საგანმანათლებლო მასალის უმეტესობა თავიანთ ლეპტოპებში აქვთ. მოკლედ, დღევანდელ განათლებას ცოტა რამ აქვს საერთო 50 წლის წინანდელთან. როგორი იქნება განათლების მომავალი? როგორი იქნება სკოლა და უნივერსიტეტები? ან კი იქნება საერთოდ? რა შეიცვლება სწავლების მეთოდებში?

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემას ვერ შევძლებთ და არც ვეცდებით. ჩვენ კი არა, ბრიტანელ მეცნიერებსაც კი ვერ გაურკვევიათ ეს ამბავი დაზუსტებით. ჰოდა, უბრალოდ გონივრული ვარაუდების შესახებ მოგიყვებით, რა იქნება პრიორიტეტული მომავლის განათლებაში.

შემოქმედებითობა

ჰეი, სირი. რომელია ყველაზე ღრმა წერტილი ოკეანეში? სირი ამ კითხვაზე აუცილებლად გიპასუხებს. თანაც უშეცდომოდ და სხაპასხუპით. და რა კავშირია ამასა და მომავლის განათლებას შორის? ახლავე გეტყვით: თუ სირის, ალექსას, კორტანასა თუ გუგლს შეუძლიათ ასეთ ფაქტობრივ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაშინ რატომ უნდა ფასდებოდეს ადამიანი იმავე კრიტერიუმით? ან რა კონკურენცია შეუძლია გაუწიოს მან ტექნოლოგიებს? იმის გამო, რომ ასეთ ფაქტობრივ ინფორმაციაზე წვდომა ყველას გვაქვს, მხოლოდ მსგავსი ცოდნის ადამიანი ახალს ვერაფერს იტყვის და შექმნის, თუ ეს ცოდნა რამესთან არ დააკავშირა, გააანალიზა, ასოციაცია არ გაუჩნდა და ა.შ. სწორედ ეს გამოწვევა ექნება სკოლასაც – მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარები გამოუმუშაოს, მათ კრიტიკული აზროვნება და მსჯელობის ლოგიკური ჯაჭვის აგება ასწავლოს.

გუნდური მუშაობა

მომავალში განათლების ერთ-ერთი მიზანი ბავშვებში გუნდური მუშაობის უნარების განვითარება იქნება. ამ იდეას გუგლშიც იზიარებენ და ქმნიან კიდეც შესაბამის პროდუქტებს, როგორებიცაა G Suite for Education, Google Classroom, Jamboard და ა.შ.

გუგლის საგანმანათლებლო აპლიკაციების პროდუქტების მენეჯერის – ჯონათან როჩელის თქმით, სკოლა 50 წელში ის ადგილი იქნება, სადაც ბავშვები ისწავლიან კოლაბორაციასა და იდეების გაზიარებას. როჩელი ასევე Google Docs – ის ერთ-ერთი შემქმნელიცაა, რომელშიც ახლა ამ ბლოგის შავ ვერსიას ვწერ ^_^

„სკოლებში კალკულუსსა თუ კოდის წერას ასწავლიან, მაგრამ მოდი არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებს ვასწავლოთ როგორ ეურთიერთონ ერთმანეთს”. – ამბობს ის. იმისათვის, რომ გუნდური მუშაობა უფრო მარტივად შეძლონ მოსწავლეებმა, სამომავლოდ ვარაუდობენ, რომ კლასები ინტერესებისა და უნარების მიხედვით შეიქმნება და არა აუცილებლად ასაკის.

გამოცდები

ჩვენი ცოდნისა და უნარების შემოწმება სწავლის ყველა საფეხურზე გვიწევს. სკოლაში, უნივერსიტეტში და სამსახურშიც კი. საინტერესოა, როგორ შეიცვლება გამოცდები. როგორც ერთი შეხედვითაც ჩანს, გამოცდები ნელ-ნელა ციფრულდება და ონლაინ სივრცეში ინაცვლებს. მეტ კომფორტთან ერთად, ონლაინ გამოცდები გარემოსთან უფრო მეგობრულიც ხდება და ზოგავს რესურსებს: დროს, ენერგიას, და ჰო – ფურცლებსაც.

და საერთოდაც, რა უნდა შეამოწმოს გამოცდამ? როგორ დავიმახსოვრეთ რაღაც ფაქტები თუ როგორ შეგვიძლია ამ ცოდნის გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში? როგორც ვარაუდობენ, სტუდენტების შეფასების მთავარი კრიტერიუმები კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი იქნება და არა ცალკეული ფაქტების ცოდნა.

,,მათემატიკას ისწავლიან ისე, როგორც თავსატეხებისა და პრობლემების გადაჭრას. ლიტერატურის სწავლისას კი სტუდენტებს ჰკითხავენ, რას ნიშნავს ეს კონკრეტული ნაწარმოები მათთვის. ტესტების მაგივრად კი, სტუდენტები ცოდნას გამოამჟღავნებენ სხვადასხვა შემოქმედებით პროექტში”, – ამბობს მიჩიგანელი მასწავლებელი, ნიკოლას პროვენზანო TED-Ed Innovative Educators-ის წარმომადგენლები.

ნაკლები საზღვრები განათლებაში

განათლების სპეციალისტების ნაწილი საკლასო ოთახების გაქრობასაც ვარაუდობს მომდევნო 50 წელში. მათი თქმით, სასწავლო პროცესის აუცილებელი ნაწილი აღარ იქნება რამე ფიზიკური სივრცე, ამის მაგივრად, მოსწავლეებს განათლების მიღება შეეძლებათ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის დახმარებით სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად.

მოკლედ, დისტანციურ სწავლებას ვერსად გავექცევით – ონლაინ ჩართვა, ვიდეოსა თუ ხმის ჩაწერა უკვე ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ლექციას შეგიძლია დაესწრო ყველგან და ყოველთვის.

მომავალში, ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად, უფრო ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა შეზღუდულ შესაძლებლობაზე ადაპტირებული სასწავლო მასალები. ჰოდა, განათლების მიღებაც უფრო გამარტივდება.

და მასწავლებლის როლი?

ერთი რამ ცხადია – ტექნოლოგიები ვერ გარდაქმნიან განათლებას თავისთავად, ადამიანების გარეშე. და რა შეიცვლება მასწავლებლის პროფესიაში? სამომავლოდ, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მასწავლებლის მოვალეობა გახდება, რომ იმეგობროს ტექნოლოგიებთან და ბავშვებიც ამეგობრონ მათთან.

მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში გაჩნდებიან მენტორები, რომლებიც ინდივიდუალურად დაეხმარებიან სტუდენტებს აკადემიურ თუ პიროვნულ განვითარებაში. მენტორები ამით მასწავლებლებსაც გაუმარტივებენ საქმეს, რადგან ერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია მთელი სასწავლო პროცესის ისე წარმართვა, რომ ის ერგებოდეს ყველა მოსწავლეს.

„თუ ჩვენ დავეხმარებით სკოლის მოსწავლეებს, რომ აღმოაჩინონ და გაიაზრონ თავიანთი ძლიერი მხარეები, ინტერესები და ღირებულებები – და ამით დროს დავუთმობთ იმას, რომ მათ სამყაროში საკუთარი ადგილის აღმოჩენა დაიწყონ – ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვიქნებით იმის მიუხედავად რა სიახლეებს მოიტანს თანამედროვე ტექნოლოგიები”, – ამბობს TED-Ed Innovative Eduators -ის ერთ-ერთი წარმომადგენელი – დავიდ მიაშირო.

როგორც ამ ბლოგიდან და საერთოდაც ჩანს – ბევრი რამ შეიცვლება განათლების სფეროში მომდევნო რამდენიმე ათეულ წელში. ასევე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სხვადასხვა სფეროში განათლების ონლაინ მიღებაც. მაგალითად, თუ სოციალური მედია მარკეტინგის სწავლა გინდა, შეგიძლია ამ გვერდს ესტუმრო.

მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ისწავლიან არის ის, რომ არაფერია შეუძლებელი. ჰო, როგორი განცდაა არა, როცა იცი, რომ ყველაფერი, რისი სწავლაც გინდა, შენს ლეპტოპში შეგიძლია იპოვო. მოკლედ, განათლება მომავალში გააჩენს იდეას, რომ ის, რაც შეუძლებელი ჩანს ახლა, მომავალში შესაძლებელი იქნება.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.