დაბრუნება

1920-910.png-2

როგორ შევინარჩუნოთ ბრენდის სახე 10 პოსტი/წმ სიჩქარეში?

სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით რომ მე ვარ მარიამ საშა (მარიამ აქულაშვილი) - ვიზუალური არტისტი და გრაფიკული დიზაინერი. უკვე ერთი წელია, რაც სფეისის გუნდს შემოვუერთდი და მისი არტ დირექტორის როლში ჩემი მისია ყველაზე ციფრული ბანკის ვიზუალური სტილის განსაზღვრა და მისი მუდმივი განახლებაა.

ამ ბლოგში მოგიყვებით იმ გამოწვევებზე, რომლებსაც დღეს ბრენდის ვიზუალურ კომუნიკაციაში ვაწყდებით და ეფექტური მუშაობისთვის, ჩემს გამოცდილებაში დაგროვილ მიგნებებს გაგიზიარებთ.

თუ ინფორმაციის ვიზუალურ ენაში თარგმნა შენი საქმიანობის ნაწილია, ამ ხერხებმა შესაძლოა საქმე გაგიადვილოს.

გამოწვევები

ცხადია, Ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ახალ ბრენდინგზე მუშაობა, დიზაინის სისტემის 0-დან შექმნა, მაგრამ ბრენდინგის ნამდვილი ცხოვრება, მისი კომუნიკაციაში გაშვებიდან იწყება.

დღესდღეობით გრაფიკული დიზაინის ამოცანა გეომეტრიული პროგრესიით რთულდება და ის რამდენიმე გამოწვევის წინაშე ერთდროულად დგას.

  • ჰიპერსიჩქარით იზრდება საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მოცულობა და უკუპროპორციულად, იკლებს მისი აღქმადობა. გადაღლილი თვალი ინფორმაციის ასხლეტვას სწავლობს
  • კონტენტის ჯამური სიჭარბე ვიზუალური სტილის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს და ყველაფერი ძალიან მალე ძველდება. ყველაზე ორიგინალური დიზაინის ეფექტიანობაც კი მალე მთავრდება, რადგან როდესაც რაღაც ტრენდდება, გავლენას ახდენს სხვა ბრენდებზე და საბოლოოდ ინდივიდუალურობას კარგავს
  • ამას ემატება ბრენდის შიდა პაექრობა - თუ კომპანიას დღეში ერთზე მეტი რამ აქვს სათქმელი, აუცილებელია ორ პოსტს შორის ვიზუალური დისტანციის დაცვა, რომ სქროლვის დროს მათი დიფერენცირება მოხდეს

ამ ესტაფეტაში დიდი შანსია, ბრენდს “სახე გაძვრეს”, მითუმეტეს რომ საქართველოში სრულყოფილ დიზაინ სისტემას, რომელიც ამის პრევენციას მოახდენდა, იშვიათად შევხვდებით.

რა ინსტრუმენტები არსებობს ბრენდის ვიზუალური იდენტობის გასამყარებლად?

ბრენდებს ძირითადად თავიდანვე დადგენილი ვიზუალური სტილი აქვთ. ლოგოსა და ფერებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვა კომპონენტები, როგორებიცაა ტიპოგრაფია, განლაგება, “ხატულები” და ა.შ.

მათი მთლიანობის შეგრძნება ადვილია, როდესაც ბრენდის მოედანზე - მის საიტზე, ფეისბუქის გვერდზე ან ოფისში ხარ, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მის მიერ გამოსროლილ ცალკეულ პოსტს სოც.მედიის ჰიპერსიჩქარეში ევალება მნახველამდე მესიჯის მიტანა?

დროთა განმავლობაში კონკრეტული გრაფიკული სტილი თავის რესურსს წურავს და მისი მუტაცია გარდაუვალია. ამას იდენტობაში დისონანსი შემოაქვს.

უხილავი ფილტრი - სახელდება

სოც.მედიის საყოველთაო აურზაურში მესიჯის ადრესატამდე მისასვლელად სიზუსტე გადამწყვეტ როლს ასრულებს. ოდნავ მეტი ან ნაკლები ინფორმაცია ან ოდნავ აცდენილი განწყობა მომენტალურად კარგავს მნახველის ყურადღებას.

სწორი კომპოზიციის შექმნაში, სიტყვები მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. იმისთვის რომ განსხვავებული თემატიკის ფოტო, 2დ თუ 3დ გრაფიკა, ერთი ხელწერის ქვეშ გაერთიანდეს, ვიზუალს შექმნის პროცესში სიტყვიერად ვახასიათებ. ვასახელებ როგორია, როგორი უნდა იყოს და არ უნდა იყოს იმიჯი, რომ ვიზუალურ სტილს პასუხობდეს და თანდათან მისკენ ვუბიძგებ. ეს ერთგვარ თამაშს გავს, რომელიც ბრენდის არსთან გაახლოვებს და მის გაგებას აღრმავებს.

ის ააქტიურებს უხილავ ფილტრს, რომელიც სხვადასხვა კონტენტზე საერთო ელფერს და ბრენდის ინდივიდუალურ განწყობას იძლევა. შეუძლებელია მიუთითო კონკრეტულად რა ქმნის ამ განწყობას. ისინი უბრალოდ ერთი და იგივე ზედსართავი სახელების ქვეშ ერთიანდება. მაგალითად, თუ ბრენდის თემა კოსმოსია, კომპოზიციას შესაძლოა მოუხდეს უწონადობა, ქაოტურობა და სივრცულობა.

via GIPHY

ვიტამინები შთაგონებისთვის

დღესდღეობით, შთაგონებისთვის უპრეცედენტოდ დიდ მასალაზე მიგვიწვდება ხელი. Სხვადასხვა საიტებიდან შეგვიძლია თვალი ვადევნოთ საუკეთესო სარეკლამო კომპანიებისა თუ ცალკეული დიზაინერების ნამუშევრებს, პირველი სკეჩიდან სრულყოფილ ბრენდინგამდე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩვენი დავალების ეფექტურად შესრულებაში ყოველთვის ვერ გვეხმარება.

საქმე იმაშია, რომ ინფორმაციას ყველა ერთი ავზიდან ვიღებთ. მზა პროდუქტი კი, როგორც ინსპირაცია, საკმაოდ მოუქნელია. მათი გავლენით შექმნილ ნამუშევრებს ყოველთვის რაღაც დამღა დაყვება, როგორც სტოკის ფოტოს - ვოთერმარქი. უფრო ორიგინალური შედეგისთვის უმჯობესია წარმოსახვის გასამდიდრებლად მონათესავე დარგების დაკვირვება, მაგალითად ფილმების, მხატვრობის და ა.შ. ისინი ინდივიდუალურ გადამუშავებას უკეთესად ექვემდებარება და ერთი ნამუშევრიდან ათ დიზაინერს უნიკალური იდეა ებადება.

“ფაზლისებური” ბადე

დასაწყისში აღვნიშნე, რომ ჩვენი გონება ინფორმაციის ასხლეტვისკენაა მიდრეკილი. თითოეულ პოსტს აქვს ტექსტის და ვიზუალური ნიშნების ლიმიტი, რომლის აღქმაც მნახველს სწრაფი თვალიერების დროს შეუძლია. საკმარისია კომპოზიცია გაჯერდეს, რომ მნახველი მომენტალურად დაკარგოს.

ამ შეზუდვისთვის თავის ასარიდებლად, დანაწევრება ეფექტური საშუალებაა. ამისთვის ვიყენებ წარმოსახვით ფაზლის გრიდს, რაც გულისხმობს ინფორმაციის დაშლას რამდენიმე ნაწილად და მათ შორის ლოგიკური გადაბმების შექმნას. ეს დამატებით დროს და ორიგინალური თხრობის საშუალებას იძლევა.

via GIPHY

ციფრული ფორმატები მუდმივად ახლდება და ამ ოპერაციისთვის მეტ და მეტ საშუალებას გვაძლევს.

სირთულეების მიუხედავად, დრო რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან საინტერესოა ვიზუალისტებისთვის, რამდენადაც იმიჯის გავრცელება ქსელურ სისტემაში მის მისიას აფართოებს და შეიძლება ითქვას, დიზაინს სპორტის თვისებებს სძენს, ეს კი ძალიან სახალისოა.

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;