სფეისი

სანამ ანტრეპრენერი გახდები

ბევრი ვიფიქრეთ, თუ არც ისე – გადავწყვიტეთ, ახალი რუბრიკა შემოგთავაზოთ. რუბრიკა რა, ბლოგების სერია დავარქვათ. ქვემოთ მოცემული და მომავალში სხვა რამდენიმე ბლოგი ისეთ თემებზე დაიწერება, ჩვენ რომ გვაინტერესებს და ვფიქრობთ, შენც დაგაინტერესებს, რადგან, რატომაც არა ? ახალი ყოველთვის საინტერესოა. შეიძლება ისეთ რჩევებსაც გამოჰკრა ხელი, სამომავლოდ (ან ახლა) რაღაცებში რომ წაგადგება.

“ცხოვრება მოსაწყენია” – რამდენჯერ გიფიქრია ასე? ზუსტ რიცხვს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ასე ფიქრობ, შეიძლება სწორედ ასეცაა. მუდმივი უკმაყოფილების შეგრძნებას შენს ცხოვრებაში ბევრი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს, რომლებსაც ძალიან თუ დავავიწროვებთ, ორ მთავარ მოცემულობამდე დავიყვანთ – უინტერესო პირადი და საქმიანი ცხოვრება.

როცა შენი არსებული სამსახურით, პოზიციით თუ უბრალოდ საქმით ხარ უკმაყოფილო და ერთი სული გაქვს, როდის შეეშვები “შენი უფროსის ხუშტურებზე სიარულს”, ან უბრალოდ რაღაც ისეთის გაკეთების სურვილი გიპყრობს, სამყაროს ოდნავ უკეთესობისკენ რომ შეცვლის, გულის სიღრმეში სულ უფრო ხშირად იწყებ ფიქრს იმაზე, რომ დროა შენი საქმე წამოიწყო ანუ თვითონ გახდე საკუთარი თავის უფროსი.

რუტინის აბლაბუდაში გახვევა ნამდვილად მარტივია, მაგრამ საკუთარი საქმის წამოწყებაზე იმავეს ვერ იტყვი. ზუსტად უნდა იცოდე, როდის გადადგა ეს ნაბიჯი – არც ნაჩქარევად და არც დაგვიანებით – რომ მოულოდნელად იმედგაცრუება არ დაგატყდეს თავს, როგორც სტიუს “Hangover Part II”-დან…

ახლა კი გთავაზობთ 15 რჩევას, რომელსაც ჩვენ თვითონ ერთ-ერთ სტატიაში გავეცანით (ბმული ბოლოში) და გადავწყვიტეთ ურიგო არ იქნებოდა, შენც გაცნობოდი, რათა უკეთ გაიგო, როდის არის “შესაფერისი მომენტი” საკუთარი საქმის წამოსაწყებად. ჰოდა, ისიც გახსოვდეს, რომ თავისუფლება ისე არ მოდის.

1. რას გიგრძნობს გული?

რადგან რაღაც უხილავი სიგნალი არ არსებობს, რომელსაც უეცრად გაიგებ და მიხვდები, რომ „აი, სწორედ ახლაა წასვლის დრო…”. მოგიწევს, ეს შენით განსაზღვრო. გასაგებია, ფრუსტრაცია როგორც მოქმედებს და ისიც ნათელია, რომ საკუთარი საქმის ქონის სურვილს თუ დაუმატებ, ეს შეგრძნება ორმაგად იზრდება, მაგრამ მოდი, გვერდით გადადე ეს ყველაფერი და დამშვიდებულმა კარგად აწონ-დაწონე ყველა მინუსი და პლუსი. შემდეგ კი ორი წამით თვალები დახუჭე და დაფიქრდი – რას გიგრძნობს გული? დროა?

2. რისი გაკეთება მოგიწევს სხვანაირად?

შეეგუე დისკომფორტს, სულ მცირედი დოზით მაინც, რადგან ამის გარეშე აბა როგორ… და იმედია არც ის გგონია, რომ უკვე საკუთარი ბიზნესის ქონისას პირველივე (ან მეორე, მესამე…) თვეში შოკოლადის აბაზანებში ჩაწვები და ზემოდან მარწყვებს დაგაყრიან. ნუ, რაღაც პერიოდის შემდეგ არც ესაა გამორიცხული, კაცია და გუნება, მაგრამ თავიდან მაინც მოგიწევს ორმაგად გააკეთო ყველაფერი, რასაც მანამდე სამსახურში აკეთებდი – მოინდომო მეტი, ისწავლო მეტი, გაბედო მეტი და ბოლოს შესაბამისადაც დაჯილდოვდე.

3. მიზნისკენ მიდიხარ, თუ უბრალოდ რაღაცას გაურბიხარ?

აი ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რაც შენს თავს უნდა დაუსვა და კარგად გაიაზრო. მარტივად შეიძლება შეცდე და არასწორად იფიქრო, რომ შენი ოცნების ასახდენად დგამ ნაბიჯს, როცა სინამდვილეში უბრალოდ რუტინას – ნერვების მომშლელი უფროსს, კომპანიის ღარიბ კულტურას, სტრესს, მომაბეზრებელი თანამშრომლებს, პირად და საქმიან ცხოვრებას შორის გამქრალი ბალანსს – გაურბიხარ. ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს, რომ ეს ნამდვილად შენი ოცნება და ზუსტად ისაა, რაც გინდა. უნდა გრძნობდე, რომ გიხმობს და მის წარმოდგენაზე შეიძლება ტანში ჟრუანტელიც კი გივლიდეს (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი).

4. “როგორი იქნება ჩემი ცხოვრება ამის შემდეგ?”

გაესაუბრე სხვა ანტრეპრენერებს – რომლებმაც უკვე წამოიწყეს თავიანთი საქმე (მნიშვნელობა არ აქვს შენს სფეროში, თუ მის გარეთ). გაიგე, როგორია მართო შენი საქმე და როგორი ხდება ცხოვრება ამის შემდეგ. რა ფაქტორებია, რომლებიც უნდა გაითვალისწინო და ა.შ.

5. შიშები

შეიცანი შიშნი შენი. ეს იმაზე მარტივია, ვიდრე სიტყვა “შიშნი”-ს სალაპარაკო ენაში დამკვიდრება. სანამ დიდ ნახტომს გააკეთებ, აუცილებლად დაუსვი შენს თავს შეკითხვა – “სინამდვილეში რისი მეშინია?”. თუ პასუხი დისკომფორტს მოგიტანს (რაც, ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე იქნება), მაგრამ მაინც შეძლებ რაციონალურად მიიღო ის, შეაფასო და იმოქმედო, ესე იგი მზად ხარ გახდე ანტრეპრენერი.

თუ პასუხი დამთრგუნველი იქნება, შეიძლება შენს შიშებს კიდევ უფრო ჩაუღრმავდე და დაუსრულებლად იქექო მასში (შეიძლება ვერც მიაგნო სწორ პასუხს და საბოლოოდ უარი თქვა ოცნებაზე). ნებისმიერ შემთხვევაში, შიშებისთვის თვალის არიდება, ან მათი არასწორად შეფასება შენი ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმას ან გადაგაფიქრებინებს, ან უბრალოდ რაღაც პერიოდით შეგაფერხებს.

6. რამდენად მდგრადია ახალი შესაძლებლობა?

ძალიან ბევრი ანტრეპრენერი თავიდანვე საკმაოდ დიდ კონტრაქტს დებს (შეიძლება უბრალოდ მუღამის, შეიძლება სხვა რამ მიზეზების გამო) და ჰგონია, ეს ნაწილობრივ მომავალსაც განსაზღვრავს. მაგრამ სინამდვილეში ხშირი, მდგრადი და თუნდაც არც ისე დიდი კონტრაქტები და მათ ხარჯზე აწყობილი კარგი ბიზნესი დროის გარკვეულ პერიოდში უფრო ნიშანდობლივია. იყავი დარწმუნებული, რომ ბიზნესი მდგრადი იქნება.

7. “რამდენი ხანი გავძლებ შემოსავლის გარეშე?”

ჩათვალე, რომ ანტრეპრენერობის პირველი წელი სწავლის პერიოდია. შენი მიზნები შეიძლება შეიცვალოს, სანამ პირველ ნაბიჯებს დგამ ამ ახალ სამყაროში.  არც ისე ახალში, როგორც ოლდოს ჰაქსლის შემთხვევაშია, მაგრამ შენთვის ნამდვილად ახალში. ამ თავგადასავლიდან რაც შეიძლება დიდი სარგებელი რომ ნახო, მნიშვნელოვანია, დასაწყისში მყარი ფინანსური ფუნდამენტი გქონდეს. კითხვაზე, “რამდენი თვე გავძლებ შემოსავლის გარეშე?”, სწორი პასუხი იქნება 9-დან 12 თვემდე. თუ მეხუთე წელია ასე ხარ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ ?

8. “ბედნიერი ვარ?”

ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც უნდა დასვა – “ბედნიერი ვარ?”. ხშირად ჩვენ ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ჩვენ რომ არ გვინდა, მაგრამ ან “ასეა საჭირო”, ან “ვიღაცისთვისაა ასე საჭირო”. ეს არ არის ცხოვრება. მართლა. შენც ხომ იცი. თუ უკვე მოთხოვნილება გაქვს, შენი საქმე დაიწყო, ნუღარ გადადებ. მიჰყევი, რასაც გკარნახობს გული და ყოველდღე აკეთე ის, რაც გიყვარს. სხვა ვარიანტი არც განიხილება.

9. რა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს?

ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რაც შენს თავს უნდა დაუსვა, სანამ რადიკალურ ცვლილებებზე გადახვალ. რომ დაფიქრდები, აღმოაჩენ – ყველაზე ცუდი ვარიანტიც კი არც ისე ცუდად ჟღერს. შემდეგ შენს თავს ჰკითხე: “რა არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მოხდეს?”. წარმოიდგინე შესაძლებლობები, რომლებიც შენ წინ იშლება. შემდეგ ისევ ჰკითხე შენს თავს: „და სინამდვილეში რა მოხდება?”. ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. იცოდე, რომ ყველაფერი კარგად იქნება (ამაზე პათეტიკურს დღეს ვერაფერს წაიკითხავ, მაგრამ მართლა ეგრეა და ჰა ?).

10. რას არგებს შენი საქმე მომხმარებელს?

როცა ერთი სული გაქვს, მერანს შემოახტე და შენი ოცნებისკენ გაქუსლო, თავი დააღწიო ამჟამინდელ საქმეს, რომელიც დისკომფორტს გიქმნის და საერთოდაც, ცოტა ხანი თუ კიდე აქ გაჩერდი, ალბათ ვულკანივით ამოხეთქავ – N1 შეკითხვა, რომელიც შენს თავს უნდა დაუსვა არის: “რა საჭიროებას ვუკმაყოფილებ მომხმარებელს და რა სარგებელს ნახავს ამისგან?”. ბევრი ანტრეპრენერი აჟიტირებულია იმით, რომ “უმაგრესი იდეა” აქვთ, ან “ხალხი ამით ძაან იკაიფებს”, მაგრამ მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ, რამდენად სწორი და მომგებიანია ეს წამოწყება. თუ შენი საქმე ოდნავ მაინც არ გამოუსწორებს, გაუუმჯობესებს, ან უბრალოდ გაუხალისებს ხალხს ცხოვრებას, მაშინ დიდი შანსია, საერთოდაც ჩაფლავდე ??

11. რა არის შენი ფინანსური გეგმა?

კარგად უნდა იცოდე, რა არის შენი მიმდინარე და სამომავლო დანახარჯი, რამხელა შემოსავალი გექნება მომავალში. სანამ შენს ბიზნესს დაიწყებ, კარგი იქნებოდა პირადი ბიუჯეტის გამყარება, ბიზნესის ბიუჯეტის გამოთვლა და შემოსავლების პროგნოზირება – ეს ყველაფერი შენი მოთხოვნილებების განსაზღვრაში დაგეხმარება. ამის გაცნობიერებით და სამომავლო გეგმის შემუშავებით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობ თავს, როცა საკუთარი საქმის წამოწყებას გადაწყვეტ.

12. დაივიწყე კარიერა – როგორი ცხოვრება გინდა გქონდეს?

ადამიანი ძირითადად იმაზე ფიქრობს, რისი კეთება უნდა პროფესიონალურად და არ ითვალისწინებს იმას, რა ზეგავლენა აქვს პროფესიას პირად ცხოვრებაზე. ჯერ განსაზღვრე, როგორი გინდა იყოს შენი ცხოვრება; შემდეგ გადაწყვიტე, როგორი ბიზნესმოდელი ერგება მას; წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესს შეიძლება ცუდი ზეგავლენა ჰქონდეს შენს ცხოვრებაზე, რაც ტოტალური კრახისკენ მიმავალ გზაზე დაგაყენებს.

13. ერგება თუ არა სერვისი შენი ქვეყნის მარკეტს?

არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ყველა ანტრეპრენერისთვისაა დამახასიათებელი დიდ რისკებზე წასვლა. კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს – სინამდვილეში, წარმატებული ანტრეპრენერების უმეტესობა კარგად გააზრებულ რისკებზე მიდის და თავიანთ ბიზნესს იწყებენ, სანამ სამსახურიდან წამოვლენ. დაფიქრდი, რამდენად კარგად იცნობ შენი ქვეყნის მარკეტს და შენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტი რამდენად ესადაგება მარკეტზე არსებულ მოთხოვნილებებს.

14. ნამდვილად “ახლა” გასაკეთებელი საქმეა?

სანამ შენი (ხშირად რისკიანი) ოცნებებისკენ გააკეთებ დიდ ნახტომს, მორიგი შეკითხვა დაუსვი შენს თავს: “ნამდვილად ახლა უნდა გავაკეთო თუ ცოტას მოიცდის?”.  დიდი შანსია, საქმის წამოწყების დაუოკებელმა სურვილმა, მისმა პოტენციალმა და ჯილდოსადმი ლტოლვამ რეალური რისკი გადაწონოს და საბოლოოდ ეს ყველაფერი არც ისე კარგად დასრულდეს.

15. „ზუსტად ვიცი, რომელი უნარ-ჩვევები დამჭირდება წარმატებისთვის?”

თუ არ იცი რას ნიშნავს ეს “უნარ-ჩვევები”, დაელაპარაკე მათ, ვინც უკვე დიდი ხნის წინ გაიარა გზა, ახლა რომ ადგახარ. სანამ ზუსტად არ იცი, რაზეა ლაპარაკი, შენი ყველაზე მაგარი იდეა და ბიზნეს-მოდელიც კი ვერ გამოგადგება წარმატების მისაღწევად. ალბათ ეს რჩევაც ბუნდოვნად მოგეჩვენება – it’s okay, უბრალოდ დაელაპარაკე შენზე გამოცდილ ხალხს.

აბა, წარმატებები და შენ იცი ?

წყარო იხილე აქ.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.